slider banner

პანკისის ხეობის 17 სოფლის მცხოვრებნი უფასო იურიდიული მომსახურებით ისარგებლებენ. ისინი სამართლებრივ დახმარებას ხეობიდან გაუსვლელად, სოფელ დუისში, იურიდიული დახმარების სამსახურის ახლადგახსნილ საკონსულტაციო ცენტრში მიიღებენ. 

პირველ ეტაპზე პანკისელებს ერთი იურისტი მოემსახურება, შემდგომში საკონსულტაციო ცენტრს კიდევ ერთი იურისტი დაემატება. ისინი ადგილობრივებს გაუწევენ ისეთ დახმარებას, როგორიცაა: იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, საადვოკატო მომსახურება და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

საკონსულტაციო ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. მათი შეფასებით, ხეობაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნა დროული და მნიშვნელოვანი მოვლენაა.