slider banner

ავტორი თამარ სიმონია

>>  ლილე 8 წლის გოგოა. ის დედასთან, მამასთან და უფროს ძმასთან ერთად ცხოვრობს. ლილე მორცხვი ბავშვია. თავს ძალიან მარტოდ გრძნობს, რადგან ფიქრობს, რომ მეგობრებს მასთან თამაში არ სურთ. მას ძალიან უყვარს ცეკვა, თუმცა ცეკვის გაკვეთილებს ხშირად აცდენს. რცხვენია, რომ მის სხეულზე ჩალურჯებებს ყველა შეამჩნევს. სკოლის შემდგომ ლილე და მისი ძმა ერთად მიდიან სახლში, სადილობენ და საშინაო დ>~ავალებებს ასრულებენ. საღამოს კი მათი მშობლები სახლში ბრუნდებიან. და-ძმა ამ დროს ოთახში იმალება, რადგან მშობლები ხმამაღალ ჩხუბსა და ყვირილს იწყებენ. მამა ძალიან უხეშად ექცევა შვილებს. ხშირად უყვირის და ემუქრება მათ. ლილეს ძმას მამა ხშირად სცემს ქამრითა და სხვადასხვა ნივთით. ბავშვებს ძალიან ეშინიათ და იძულებულნი არიან, ოთახიდან არ გამოვიდნენ. ლილემ არ იცის, როგორ მოიქცეს და როგორ დაეხმაროს მის დედასა და ძმას. ეშინია, რომ თუ ვინმეს თავის გასაჭირს მოუყვება, მამა მას ძალიან გაუბრაზდება.

ლილე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ფიზიკური ძალადობა კი გულისხმობს ბავშვისთვის ზიანის მიყენებას, ტკენას - ეს კი დაუშვებელია.

გახსოვდეს, რომ გამოსავალი  ყოველთვის არსებობს და მოძალადე ადამიანები ისჯებიან. თუ გინდა, რომ განთავისუფლდე ძალადობისგან, არ უნდა დააფარო ხელი მოძალადეს.

>> ნიკოლოზი 10 წლისაა. ის მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ნიკოლოზი სკოლაში არ დადის, რადგან მას სკოლისთვის საჭირო ნივთები არ აქვს, არც ტანსაცმელი აქვს შესაფერისი, რომ სკოლაში მივიდეს. მას ძალიან უნდა მეგობრებთან ერთად გაატაროს დრო, თუმცა ჩაცმულობის გამო  ყველა დასცინის. ეუბნებიან, რომ ბინძური და მოუწესრიგებელია. ნიკოლოზი ძალიან განიცდის, რომ ის სხვა ბავშვების მსგავსად სკოლაში ვერ დადის.

ნიკოლოზი უგულებელყოფილია მშობლების მიერ. ესეც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. უგულებელყოფაში იგულისხმება ისეთი სიტუაციები, როდესაც მშობლები ბავშვს არ კვებავენ, არ აძლევენ სწავლის შესაძლებლობას, არ აქცევენ ყურადღებას, როდესაც სჭირდება ექიმის დახმარება და არ აქვთ ადგილი, სადაც ბავშვს აცხოვრებენ.  

>> მარიამი არასრულწლოვანია. ის ძალიან მორცხვია. მარიამს არ უყვარს, როდესაც ვინმე მასთან ახლოს მიდის ან ეხება. ამ დროს თავს უსიამოვნოდ, არაკომფორტულად გრძნობს. მას ყოველთვის ურჩევნია იჯდეს სხვებისგან მოშორებით. არც მეგობრებთან ყოფნა უყვარს. ფიქრობს, რომ სხვები მის საიდუმლოს გაიგებენ და ამის ძალიან ეშინია. მარიამი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. მისი ნაცნობი, უფროსი ადამიანი უხერხულ ადგილზე ეხება და ემუქრება, რომ თუ ამის შესახებ ვინმეს მოუყვება, ძალიან ცუდად მოექცევა მას. გოგონა მეტად დაბნეული და შეშინებულია.

> სექსუალური ძალადობა გულისხმობს ისეთ სიტუაციას, როდესაც უფროსი ადამიანი ბავშვის სხეულის იმ ნაწილებს ეხება, რომელიც საცურაო კოსტიუმით ან საცვლებით არის დაფარული. უფროსი ადამიანი ბავშვს აიძულებს, უყუროს ისეთ ფილმებსა და ვიდეოებს, სადაც ადამიანები გახდილნი არიან. ისევე, როგორც ძალადობის სხვა ფორმა, სექსუალური ძალადობა დაუშვებელი და მიუღებელია. არ შეგეშინდეს სხვა ადამიანის მუქარის, რადგან მსგავს შემთხვევაში შესაძლებელია მათი სათანადო დასჯა.

> იოანე 9 წლის ბიჭია. ის დედასთან, მამასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს. იოანეს ძალიან უყვარს სწავლა, თუმცა სკოლას ხშირად აცდენს. დედა და მამა მას ხშირად ეჩხუბებიან, ეუბნებიან, რომ ის მსუქანი და შეუხედავი ბავშვია. მშობლები არასდროს აქებენ იოანეს, არამედ, პირიქით, ეუბნებიან, რომ ის ისეთი უშნო და მოუხერხებელია, რომ ვერც სწავლას შეძლებს და მეგობრებიც ვერასდროს ეყოლება. იოანე არასოდეს გადის გარეთ მეგობრებთან სათამაშოდ, რადგან ფიქრობს, რომ მასთან ერთად ყოფნას არავინ მოინდომებს. დედა მას საჭმლის მიღებასაც უკრძალავს, ეუბნება, რომ თუ წონაში არ დაიკლებს, ის მუდამ ასეთი წარუმატებელი და შეუხედავი იქნება.

იოანე ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ბავშვია. ფსიქოლოგიური ძალადობა მოიაზრებს უფროსი ადამიანების მიერ ბავშვის შეურაცხყოფას, გამუდმებულ ყვირილსა და მუქარას. ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები თავს ძალიან მარტოდ გრძნობენ. 

ნებისმიერი ტიპის ძალადობა ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ბავშვის უგულებელყოფა, დანაშაულია. ყველა ბავშვი იმსახურებს, ზრუნავდნენ და უყვარდეთ.

თუ შენთვის ნაცნობია ეს ყველაფერი, ფიქრობ, რომ შენ ან შენს მეგობარს საფრთხე გემუქრებათ, თუ მეგობარმა გაგიმხილა, რომ ძალადობასთან გამკლავებაში დახმარება სჭირდება, იურიდიული დახმარების სამსახური გაგიწევთ შესაბამის დახმარებას.

შეგიძლია მოგვწერო ვებგვერდზე არსებულ ჩათში, ან დაგვირეკო სატელეფონო ცხელ ხაზზე  1485 ან 032 292 00 55 .