slider banner
ავტორი თამარ  სიმონია

მე უნდა ვიყო ტოლერანტი

ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა, შენ მოგექცნენ...

ტოლერანტობა ნიშნავს - მიიღო სხვა ადამიანი ისეთი, როგორიც არის. ადამიანები, შესაძლოა, ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ კანის ფერის, კულტურის, რელიგიისა და რასის მიხედვით. მაგალითად, სკოლაში შესაძლოა სწავლობდეს ქართველი, ამერიკელი, იაპონელი და სხვადასხვა ეროვნების ბავშვი. როგორ ვიქცევით იმ დროს, როდესაც კლასში ბევრი განსხვავებული ადამიანია, სხვადასხვა ქცევებითა და აზრებით?!

ლიდა და აკიო საქართველოში ცხოვრობენ. ლიდა ირანელია, ხოლო აკიო იაპონიიდან ჩამოვიდა. ისინი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ჩვენს ქვეყანაში იმყოფებიან. ლიდა  და აკიო მეექსვე კლასელები არიან და ქართველ ბავშვებთან ერთად სწავლობენ სკოლაში. ისინი კლასში განსხვევებულები არიან, რადგან ქართველი ბავშვებისგან განსხვავებული რელიგია და კულტურა  აქვთ. მაგალითად, ლიდა ყველასგან განსხვავებულად იცვამს, რადგან მისი რეალიგია ისლამი მას თავსაბურავის ტარებას სთხოვს. ლიდა განსხვავებულად გამოიყურება, ამის გამო ბავშვები დასცინიან კიდეც მას. აკიოს კი ქართული ენის ათვისება ძალიან გაუჭირდა, კლასში დამეგობრობება ვერავისთან მოახერხა, რადგან ბავშვები ყოველთვის აგრძნობინებენ მას, რომ ის განსხვავებულია და მისი ადგილი აქ არ არის. ლიდას და აკიოს მიმართ ზოგიერთი ბავშვი არატოლერანტულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს. არატოლერანტული დამოკიდებულება კი გულისხმობს სხვა ადამიანის რწმენების, აზრების, რელიგიის მიმართ უპატივცემულობას, მიუღებლობას.

სხვა ადამიანმა შეიძლება შენგან განსხვავებულად ჩაიცვას, სხვანაირად გამოიყურებოდეს, სხვა ფერის კანი ჰქონდეს. ნუ განსჯი სხვას იმის გამო, რომ  განსხვავებულია.

ყველა ადამიანს ერთნაირი შესაძლებლობები არ აქვს. შესაძლოა, კლასში ზოგიერთი  ბავშვი უფრო ნელა ითვისებდეს მასალას, სხვასთან შედარებით უჭირდეს სწავლა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა განვსაჯოთ, დავცინოთ  ან მათზე რაიმე ცუდი  ვთქვათ.

სხვადასხვა კულტურის  ბავშვებს სხვადასხვა რწმენები აქვთ. ისინი შესაძლოა შენგან განსხვავებულად იქცეოდნენ, განსხვავებულად ფიქრობდნენ . შენ მაშინ ხარ ტოლერანტი თუ მათ აზრს პატივს სცემ.

შესაძლოა შენს სკოლაში, ეზოში  ან ისეთ ადგილზე, სადაც შენს თანატოლებს ხვდები ეტლით მოსიარულე ბავშვი შეგხვდეს. არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან განვსხვავდებით, თუმცა ამავე დროს ყველა თანასწორნი ვართ, რადგან ადამიანები ვართ.

იყო ტოლერანტი ნიშნავს: გააკეთო კეთილი საქმე, დაეხმარო სხვებს, მოუსმინო ადამიანებს, იყო ყურადღებიანი სხვისი გრძნობებისა და უფლებების მიმართ.

თუ შენთვის ნაცნობია ეს ყველაფერი, ფიქრობმ რომ შენ ან შენს მეგობარს საფრთხე გემუქრებათ, თუ მეგობარმა გაგიმხილა, რომ ძალადობასთან გამკლავებაში დახმარება სჭირდება, იურიდიული დახმარების სამსახური გაგიწევთ შესაბამის დახმარებას. შეგიძლია მოგვწერო ვებგვერდზე არსებულ ჩათში, ასევე მოგვმართე ცხელ ხაზზე  1485 ან დაგვიკავშირდი აღნიშნულ ნომერზე 032 292 00 55 .

 

 


ტოლერანტობა